ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობს, რომ კორონავირუსის ვაქცინისგან ალერგიული რეაქციის რისკი მინინალურია, თუმცა, ყველა შესაძლო რისკი მაინც გათვალისწინებულია.
გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ თქვა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო მიმდინარე კვირაში დაამტკიცებს ალერგიული მდგომარეობის შეფასების პროტოკოლს, რომელიც ალერგოლოგების ჯგუფის მიერ მომზადდა.
"მასში დეტალურად არის განსაზღვრული ის შეკითხვები, რა უნდა დაისვას პაციენტის მდგომარეობის შეფასებითვის ვაქცინის გაკეთებამდე და როგორ უნდა მოხდეს შესაძლო ალერგიული რეაქციის მართვა". - თქვა გაბუნიამ.
მისივე თქმით, შესაბამისი ტრენინგები სამედიცინო დაწესებულებებში უკვე დაწყებულია.
"დეტალური საინფორმაციო პაკეტი, რასაც ჩვენ მივიღებთ მწარმოებლებისგან და ფაიზერის და ასტრაზენეკას ვაქცინებს აქვთ განსხვავებული საინფორმაციო პაკეტი - დაავადებათა კონტროლის მეშვეობით გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის. მასში დეტალურად იქნება განსაზღვრული ის მდგომარეობები, რასაც ყურადღება უნდა მიექცეს. უმრავლეს შემთხვევაში, მძიმე ალერგიული რეაქციები მოსალოდნელი არ არის. მილიონში შეიძლება ერთეული შემთხვევები იყოს. ბოლო პერიოდში საერთოდ არ ყოფილა, შესაბამისად, რისკები მინიმალურია, მაგრამ მზაობის უზრუნველყოფისთვის ყველაფერი უნდა შესრულდეს". - თქვა მან.
ამ ეტაპზე, საქართველო ფაიზერის 30 ათასამდე ერთეულ ვაქცინას მიიღებს, რაც სამედიცინო მუშაკების მესამედის ასაცრელად არის საკმარისი.